English / ქართული / русский /
თეიმურაზ ფესტვენიძე
ქვეყნის რესურსების ეფექტური გამოყენება საჭიროებს სწორ მენეჯმენტს

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებისა და მშრო­მელ­თა კეთილდღეობის გაუმჯობესების დამოკიდებულება ხელისუფლების სწორ ეკო­ნო­მი­კურ პოლიტიკაზე; ბუნებრივი რესურსების სწორად შეფასებისა და ბიზნესში ეფექტური და ეკოლოგიური ნორმების მიხედვით გამოყენების შესახებ. აღნიშნულია, რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია საკმაო წიაღისეული სიმდიდრეები, რომელთა რაციო­ნა­ლუ­რად გამოყენებისა და თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების დანერგვით შესაძლებელია, ისინი ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედადვაქცი­ოთ. დროა, გადავიდეთ ულევი, აღდგენადი რესურსების მიზან­მი­მარ­თულ, გონივრულ გამოყენებაზე, რომლებსაც შეუძლია დიდი სარგებლობა და შე­მო­სავლები მოუტანოს ქვეყანას.

საკვანძო სიტყვები – ინოვაციები,რეფორმები, რესურსები, ტექნოლოგიები, ბიზნესი.

ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება დამოკიდებულია ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომლის შემუშავება დაკავშირებულია საკანონმდებლო და აღმას­რუ­ლე­ბელ ხელისუფლებაზე, ამ სფეროში მომუშავე მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ კადრებზე, რომლებიც დღენიადაგ უნდა ზრუნავდნენ მაღალეფექტური გადაწყვეტილების მიღებაზე, რეფორმების გატარებაზე და მათს აღსრულებასა და კონტროლზე. ხელისუფლების მაღალჩინოსნებს თუ რიგით მოხელეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამქირავებელი, ანუ ქვეყნის საზოგადოება, მათგან მოითხოვს, პირად ინტერესზე მაღლა დააყენონ საზოგადოების ინტერესები. ხელისუფლება მუდამ იმის ძიებაში უნდა იყოს, რომ ქვეყანაში მუდმივად შემოიტანოს, რომ მოსახლეობამ იგრძნოს მათი საქმიანობის რეალური შედეგი. ხელისუფლების ყველა შტოს სახელმწიფო მოხელე დაინტერესებული უნდა იყოს თავისი ქვეყნის მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტით. ხელისუფლება მიზეზებს კი არ უნდა ეძიებდეს, არამედ _ პროგრესულ ტექნოლოგიებს, ნოვაციებს, ატარებდეს რეფორმებს და ნერგავდეს ყველა იმ სიახლეს, რაც აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობისთვის.

უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი დიდი წინაპრების გამოცდილება. დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის სწორმა პოლიტიკურმა კურსმა კავკასიის იმპერია ეკონომიკურადაც უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. მაგ., ივანე ჯავახიშვილის კვლევებით, ყმადნაფიცი ქვეყნების გარდა, საკუთრივ საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო ფულადი შემოსავალი 3 მილიონ 700 ათას ოქროს მანეთს უდრიდა მაშინ, როცა ამავე პერიოდის მთელი მცირე აზიის შემოსავალი 2 მილიონ 475 ათას მანეთს შეადგენდა. როგორც ირკვევა, ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ უზრუნველყოფილი იყო საარსებო საშუალებებით. დავითისა და თამარის იმპერიაში არავის შიოდა, მოსახლეობის სწრაფ ზრდასთან ერთად ხელისუფლება ჭკვიანურად ზრუნავდა სოფლის მეურნეობის გაძლიერებაზე. სწორედ ამას ემსახურებოდა თამარის ბრძანებით ალაზნის ველზე ორი დიდი სარწყავი არხის გაყვანა. ერთ-ერთი არხის სიგრძე 119 კოლომეტრი იყო. ეს არხი 53 ათას ჰექტარ მიწას რწყავდა, ხოლო მეორე, სამგორისა, 20 კილომეტრი სიგრძის იყო. გასაკვირია დღევანდელი XXI საუკუნის საქართველოში არსებული ვითარება, როცა მოსახლეობის  პირადი მოთხოვნილებების საშუალებებით უზრუნველსაყოფად ქვეყანას გააჩნია უამრავი რესურსი, რომლის ეფექტურად გამოყენების შემდეგ ასე მთლიანად დამოკიდებული აღარ ვიქნებით იმპორტზე, ადამიანები დასაქმდებიან და ადგილი არ ექნება მასიურ მიგრაციას ქვეყნიდან. საჭიროა სწორი და გონივრული ეკონომიკური სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების შემსუბუქებას და მოტივირებულს გახდის მშრომელ ადამიანს.

ჩვენი წინაპრები დღენიადაგ ზრუნავდნენ რა სიკეთე ეკეთებინათ ხალხისთვის და ქვეყნისთვის, რა სიახლეები შემოეტანათ მოსავლიანობის ზრდისათვის. ამის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს 1202 წელს ანტონ მწიგნობარ­თუხუცესის მიერ შიო მღვიმის უდაბნოს სოფელ სხალტიდან 7 კილომეტრი სიგრძის წყალსადენის გაყვანა, რომელიც ამ ბრწყინვალე და უკვდავ სავანეს დღე-ღამეში 243 ათას ლიტრ წყაროს წყალს აძლევდა, რომელსაც ადგილობრივები იყენებდნენ როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სარწყავი მიზნით. ეს არხები და წყალსადენები მაშინდელი საქართველოს ჰიდროტექნიკურად მაღალ განვითარებას ადასტურებს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მესხეთი ოდითგანვე მარცვლეულის ბეღელი და საუცხოო საზაფხულო საძოვრების ადგილი იყო. ამ სტრატეგიული დანიშნულების გამო თამარ მეფემ თბილისიდან მესხეთამდე თრიალეთის გავლით უმოკლესი საქარავნო გზა გაიყვანა და გზის პირას ვაჭრებისა და მოგზაურებისთვის ფუნდუკები და სასტუმროები ააშენებინა. მაშინ, როცა დღევანდელი თვითმმართველობის ზოგიერთ მუნიციპალიტეტს არ უზრუნია სოფლების რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი კეთილმოწყობილი გზების გაყვანაზე. ასევე აუცილებელია, ინფრასტრუქტურა პასუხობდეს სოფლის მოსახლეობის გაზრდილ მოთხოვნებს, რაც სოფლის მცხოვრებლებს მისცემს იმის საშუალებას, რომ მიწა არა მხოლოდ შინა მეურნეობისათვის გამოიყენოს, არამედ იფიქროს მცირე ბიზნესზე, ანუ მოეკიდოს სამეწარმეო საქმიანობას, მიწა დაამუშაოს, მოიწიოს უხვი მოსავალი და მიიღოს დამატებითი შემოსავალი. როცა მთელ ქვეყანაში სოფლის მიმართ ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით იქნება განმსჭვალული, ვფიქრობთ,  ამდენი პრობლემა არ ექნება სოფელსა და ქვეყანას. გასაკვირია, რომ უდაბნოში მდებარე ისრაელი წალკოტად არის ქცეული და წარმოებული სოფლის მეურნების პროდუქციის 60% საექსპორტოდ გააქვს ბაზარზე. მივბაძოთ ასეთ ქვეყნებს, ვისწავლოთ მათგან ის, რაც ჩვენ არ ვიცით. საქართველოს გააჩნია შესაბამისი რესურსი და ტრადიციები მიწათმოქმედებაში, რათა არ ჩამოვრჩეთ საუკეთესო პირობებში მყოფ ქვეყნებს.

დღევანდელმა ხელისუფლებამ ბევრ წარმატებასთან ერთად, ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყო ქვეყანაში უამრავი გადაუწყვეტელი პრობლემის აღმოფხვრა, რაც მოსახლეობაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ჩვენი დაკვირვებით, საქართველოში დასაქმებული მოსახლეობის თითქმის ყველა სფეროში ძალიან დაბალია ინოვაციისადმი ლტოლვა, პროფესიონალიზმი და გამოცდილება, რაც აგრერიგად სჭირდება მომავალ ძლიერ საქართველოს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ყველა რანგის ხელმძღვანელს უნდა ახასიათებდეს პატრიოტიზმი და თავისი სამშობლოსადმი  არა სიტყვიერი, არამედ საქმით გამოხატული ერთგულება. ჩვენი ქვეყნისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია აშშ-ს ახალადარჩეული პრეზიდენტის  დონალდ ტრამპის მოწოდება _ „ამერიკა ამერიკელებისთვის“. ამერიკელმა ამერიკული პროდუქტი უნდა შეიძინოს, ამერიკული ბიზნესი ამერიკაში უნდა მუშაობდეს და თავისი წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლებაში. სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს ქვეყნის ყველა ხელისუფალი, რათა კარგი პირობა შეუქმნას მოქალაქეებს, რომ შემოქმედებითი უნარი გამოიყენოს თავისი სამშობლოს აყვავებისთვის. ამის ნათელი მაგალითია პროფესორი ნოდარ წივწივაძე, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ნაპირსამაგრი სამუშაოების სპეციალისტია და მისი ხელმძღვანელობით საზღვარგარეთ მრავალი რთული ამოცანა გადაუწყვეტიათ. დასანანია და ძალზე გასაოცარიც, რომ ჩვენს თანამემამულე ამ უდიდეს სპეციალისტს საზღვარგარეთ იწვევენ, ხოლო საქართვე­ლოს ხელისუფლება ანაკლიაში სამმილიონიანი პროექტის განსახორციელებლად უცხოელ სპეციალისტებს იწვევს. ასეთი მაგალითები ბევრია, როცა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები ასრულებენ სხვადასხვა სახის სამუშაოებს მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეები არალეგალებად გარბიან ემიგრაციაში.

დღევანდელ ეტაპზე ხელისუფლებისა და ყველა პატრიოტის ძირითად ამოცანას შეადგენს ადამიანური რესურსების დასაქმება, ანუ დენადობის მინიმუმამდე დაყვანა, რათა კიდევ უფრო არ გაუარესდეს დემოგრაფიული მდგომარეობა. როგორც ცნობილია, გაეროს მოსახლეობის ფონდმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც 2045 წლისთვის 28%-ით შემცირდება საქართველოს მოსახლეობის რიცხვი, ასეთი ვარდნა ძირითადად ეთნიკური ქართველების ხარჯზე მოხდება.

ფაქტია, რომ ქვეყნის ყველა რეგიონს გააჩნია ამა თუ იმ სახის რესურსები, რომლებიც მინიმალურადაც არ არის ათვისებული და გამოყენებული მაშინ, როცა ქვეყნის ექსპორტის ხვედრითი წილი მაღალი იყო და საქართველოდან ვაჭრებს გაჰქონდათ ბამბა, მატყლი, აბრეშუმი, ტანისამოსი, ხალიჩები, ქურქები, სინდიყი ანუ ვერცხლის წყალი. გაჰყავდათ ცხენები და ჯორები. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საქართველოში დამზადებული ოქრო-ქსოვილები მსოფლიოში საუკეთესო იყო, რომლითაც ევროპისა და აზიის უდიდესი ხელმწიფენი და დიდებულნი იმოსებოდნენ. იმ დროში მეურნე ადამიანს უხვად მოჰყავდა მოსავალი და კმაყოფილი იყო თავისი შრომით. ხოლო დღევანდელი ყოფა-ცხოვრებით ადამიანი უკმაყოფილოა, იმის ფიქრშია, როგორ წავიდეს საზღვარგარეთ, ყველა წუწუნებს, ვერ ფიქრობს ქვეყნის კეთილდღეობაზე, პირზე აკერია უცხო ქვეყანა და იმას კი ვერ აცნობიერებენ, თუ როგორი შრომით განვითარდა სხვა ქვეყნები, როგორ მიაღწიენ პროგრესს, როგორ ისწავლეს დემოკრატია, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული თავისი ქვეყნისადმი, როგორ არ ხარჯავენ დროს  უქმად ურთიერთ შურსა და ბოღმაზე აღმოცენებულ დაპირისპირებათა გამორკვევაზე, როგორ უთმობენ ძირითად დროს ინოვაციებს, პროგრესს, სამეცნიერო კვლევებს, რადგან იციან, რომ გააზრებულ და მოტივირებულ შრომას წარმატებები მოაქვს.

ხელისუფლების გადაუდებელ, უმნიშვნელოვანეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მისცემს იმის შეგნებას, თუ როგორი შრომა და ცოდნა არის საჭირო წარმატებული ბიზნესის განვითარებისთვის. დღესდღეობით ქვეყანა იმპორტის ამარადაა დარჩენილი და წვრილმანიც კი შეამოაქვთ საზღვარგარეთიდან. ექსპორტში ძირითადად  ღვინო, მინერალური წყლები და თხილი გაგვაქვს. უნიკალურ ქართულ თხილზე საზღვარგარეთ დიდი მოთხოვნაა, კერძოდ, დარჩეული თხილის ფასი კილოგრამზე 5 დოლარიდან იწყება. კომპანიების განცხადებით, მათი თხილი ყაზახეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ჩეხეთის ბაზრებზე გააქვთ, ხოლო მომავალში კი სხვა ბაზრების, მათ შორის ჩინეთის ათვისებასაც გეგმავენ. აგრეთვე აღსანიშნავია კეთილშობილი მარადმწვანე დაფნა, რომელიც დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთის რაიონებში ხარობს. ადრე მასზე დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ მიზეზთა გამო ეს მოთხოვნა შემცირდა და შესაბამისად, დაფნის მოვლა-გაშენებაზე ზრუნვაც შენელდა, ასობით დაფნის პლანტაცია აიჩეხა. საბედნიეროდ, უკანასკნელ პერიოდში იმატა მასზე მოთხოვნამ და პლანტაციების გაშენებაც დაიწყეს. კულინარიაში უმთავრესად ფოთოლი გამოიყენება, რომელიც 2-3,5% ეთერზეთს შეიცავს.დაფნის საშუალო საჰექტარო მოსავალი 4 ტონამდე აღწევს. საქართველოში წარმოებული დაფნა ყაზახეთის საექსპორტო ბაზრის ათვისებას გეგმავს. კომპანია „გულაბი“, რომელიც 2012 წლის თებერვალში შეიქმნა, აბაშის რაიონში დაფნის პლანტაციის 60 ჰექტარს და გადამამუშავებელ ქარხანას ფლობს, რომელიც დაფნის პროდუქციას როგორც ფხვნილის, ისე ფოთლების სახით აწარმოებს. არ უნდა უგულებელვყოთ აგრეთვე ქვეყნის შიდა ბაზრის მოთხოვნებიც. დასავლეთ საქართველოში უხვად მოდის კივის, ფეიხოას მოსავალი, რომელზეც ბაზარზე დიდი მოთხოვნაა და მათ მაღალი საგემოვნო კვებითი ღირებულება გააჩნია, არანაკლები მოთხოვნაა ქართულ ვაშლსა და ტექნოლოგიურად დამზადებულ ჩაიზე. ამიტომ საჭიროა, აღნიშნული და სხვა კულტურების მოვლა-მოყვანას შესაბამისი ყურადღება დაეთმოს, ამით შესაძლებელია ასეულობით ადამიანური რესურსის დასაქმება და ზოგადად მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.

საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა აგრობიზნესის განვითარების მხრივ,  რადგან ქართველი გლეხი დღენიადაგ ზრუნავდა მევენახეობის, მესაქონლეობის, მემცენარეობის, მებოსტნეობისა და სხვა დარგების განვითარებაზე.

მისასალმებელია ის გარემოება, რომ უკვე კარგა ხანია, რაც ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული საქონლის ხორცის და ცხვრის ექსპორტი ხორციელდება საქართველოდან. უცხოელი ბიზნესმენების დაინტერესება ქართული ხორცითა და ცხვრით მათმა გამორჩეულმა გემომ, სიიაფემ და ტრანსპორტირების დაბალმა ღირებულებამ განაპირობა. ერთი მხრივ, ეს უთუოდ კარგი ტენდენციაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ცუდია, როცა ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნები ხორცპროდუქციაზე კომპენსირდება ჩინეთიდან, ბრიტანეთიდან, ინდოეთიდან, ბრაზილიიდან და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული, შედარებით იაფი, მაგრამ მდარე ხარისხის პროდუქტით, რასაც ხელს უწყობენ კორუფციაში ჩაბმული ჩინოვნიკები. მიუღებელია, როცა საეჭვო და დაბალი ხარისხის ხორცს იყენებს ისეთი დიდი მწარმოებლები, როგორიცაა „ნიკორა“, „ვაკე“, „მითანა“ და სხვა კომპანიები, რომლებიც ძეხვსა და სოსისს ამზადებენ. როგორც ამას ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, ამ კომპანიებიდან მოსახლეობას უხარისხო პროდუქცია მიეწოდება. ქვეყანაში არსებობს ყველა რესურსი იმისთვის, რომ მესაქონლეობა განვავითაროთ მაღალი ტემპებით და უზრუნველვყოთ მოსახლეობის დაკმაყოფილება კარგი საგემოვნო თვისებების მქონე ადგილობრივი წარმოების ხორცპროდუქტით. ამ დროს ფერმერული მეურნების განვითარების მხრივ საქართველოში უამრავი პროექტია, რომელიც არ ხორციელდება, სამაგიეროდ ფალსიფიკაცია ყვავის. ეს კიდევ ერთი მასტიმულირებელი ფაქტია ადგილობრივი ფერმერული მეურნეობის განვითარებისათვის.

ასევე სხვა დარგებთან ერთად გამორჩეულია მეაბრეშუმეობა, რესპუბლიკაში 4500 ტონა აბრეშუმის პარკს ამუშავებდნენ და 6 მილიონი კვადრატული მეტრი ნატურალური აბრეშუმის ქსოვილი იქსოვებოდა. მარტო ლაგოდეხის რაიონში არსებული აბრეშუმის ფაბრიკა 380 ტონა პარკს ამზადებდა, რაც იმ დროისთვის 4 მილიონ მანეთს უდრიდა. სამწუხაროდ, მეაბრეშუმეობის განადგურებით 18 ათასამდე სამუშაო ადგილი დაიკარგა, რამაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ქართველი ხალხი.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბუნების დაცვა, მისი რესურსების გამოყენების ოპტიმიზაცია დიდი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა. ამასთან, ბუნებრივი სიმდიდრე მთელი საზოგადოების, მისი ყოველმხრივი თავისუფალი განვითარებისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უშრეტი წყაროა. სწორედ ამიტომ საზოგადოებრივი განვითარების თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბუნების რაციონალურ გამოყენებასა და კვლავწარმოებას. ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის მშენებლობაში წარმატების მიღწევა ყოველთვის ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას უკავშირდება.

მატერიალური დოვლათის წარმოების პროცესში ადამიანი აქტიურად ზემოქმედებს ბუნების ცალკეულ ელემენტებზე და ცვლის ბუნებრივი რესურსების მთელ კომპლექსს. ბუნებრივი რესურსების ერთი ნაწილი გამოულევადია, რადგან ისინი სწორი ექსპლუატაციის კვალდაკვალ თვითგანახლებადი ხდება. არის ისეთი ბუნებრივი რესურსიც, რომელთა მარაგი  თანდათან კლებულობს და საბოლოოდ ამოიწურება, ამიტომ ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება კაცობრიობის უპირველესი საზრუნავია.

როცა ქვეყნის სათავეში პირველი ეროვნული ხელისუფლება იყო, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა რესპუბლიკაში არსებული ბუნებრივი რესურსების მეცნიერულ შესწავლასა და მათს რეალიზაციას. იმ დროს ყატარელი ბიზნესმენები ჩამოვიდნენ, რათა საქართველოში ჩამოსხმული სასმელი წყალი გაეტანათ, რომელზეც ხელშეკრულება წინასწარ იყო გაფორმებული. ყატარელთა დელეგაციამ სასმელი წყალი ასპინძის რაიონში შეარჩია. ისინი თავიანთი ხარჯებით აშენებდნენ ქარხანას, ჩამოასხამდნენ მტკნარ წყალს და ერთ ლიტრში  4 ამერიკულ დოლარს გადაგვიხდიდნენ! საქმე გადაწყვეტილი იყო და ყატარელები ხარობდნენ - მთელ ყატარს მოამარაგებს საქართველოს წყალიო! ეს იქნებოდა უდიდესი შემოსავალი საქართველოსთვის. მაშინ კიდევ ერთ საინტერესო ინიციატივას ეყრებოდა საფუძველი, ბერძნები საქართველოში ქარხნის აშენებას აპირებდნენ, სადაც 4 ათას კაცს დაასაქმებდნენ, წელიწადში 12 მილიონი ქილა ბაყაყის კონსერვი უნდა დამზადებულიყო და თითოეულში საქართველოს 14 ამერიკულ დოლარს გადაუხდიდნენ. პროექტი ყოველნაირად შესწავლილი ჰქონდათ, დაინტერესება გამომდინარეობდა იქიდან, რომ ჩვენს ბუნებაში ბინადრობდა ბაყაყის ისეთი სახეობა, რომელიც დელიკატესად ითვლება. პროექტი ითვალისწინებდა ბაყაყების საშენის მოწყობასც. სამ წელიწადში ბერძნები თვითონ ააშენებდნენ ქარხანას, მოამზადებდნენ სპეციალისტებს, იზრუნებდნენ პროდუქციის გასაღებაზე და შემოსავლის 70%–ს საქართველოს დაუტოვებდნენ, რაზეც წინასწარი ხელშეკრულება გაფორმებული იყო. მაგრამ არც ერთი ეს პროექტი არ განხორციელდა იმის გამო, რომ ქვეყანაში მოხდა კრიმინალური გადატრიალება.

აღსანიშნავია, რომ დმანისისა და ბოგდანოვკის რაიონში მსოფლიოში ბაზალტის მარაგის ცხრა მეათედია დავანებული. ბაზალტი შეუცვლელი პროდუქტია ბევრ სამრეწველო დარგში. ბაზალტის გადამუშავებით ამზადებენ სპეციალურ ძაფს. ამ ძაფით დამზადებული ქსოვილით იკერება კოსმონავტების სკაფანდრები, რომლის გარეშე ადამიანი კოსმოსში ვერ გაფრინდება. ასევე ბევრი სხვა აუთვისებელი მდიდარი ბუნებრივი რესურსია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი გეოლოგიური სკოლა ჰქონდა და შესანიშნავი გამოკვლევებიც არსებობდა, მაშინ, კომუნისტების ეპოქაში, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით იმალებოდა საქართველოს ბუნებრივი წიაღისეული სიმდიდრეების რეალური სურათი. ამ დარგმა ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში დიდი დანაკლისი და წყვეტა განიცადა, ლიკვიდირებულ იქნა გეოლოგიური სამმართველო, გეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, გეოლოგიის ფაკულტეტზე თითქოსდა ამ დარგის უპერსპექტივობის გამო შეწყდა აბიტურიენტების ნაკადი.  ამას თან დაერთო მადნეულის მოპოვება-დამუშავებასთან დაკავშირებული მრავალი საწარმოს განიავება-განადგურება. მაგალითად, დარიშხანის საბადოებიდან, რომლებიც სვანეთსა და რაჭაშია, ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს იაპონელები ათეული წლების განმავლობაში ეზიდებოდნენ დარიშხანს და მერე მსოფლიო ბაზარზე ასმაგად ყიდდნენ. თანამედროვე საქართველოსთვის ეს მდიდარი საბადო ეკოლოგიურ საფრთხედ იქცა იმ მომწამლავი ნარჩენების გამო, რომლებიც საწარმოს დახურვის შემდეგ უმეთვალყურეოდ დარჩა. არსებობს სერიოზული კვლევები, რომელთა თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე 1261 დასახელების სასარგებლო წიაღისეული მოიპოვება. ამ დროს არსებობენ მაღალგანვითარებული ქვეყნები, მათ შორის ეკონომიკის ისეთი გიგანტები, როგორიცაა იაპონია და გერმანია, რომელთაც თითქმის ამის მეასედი ბუნებრივი რესურსი არ გააჩნიათ, მაგრამ მეცნიერების, ტექნოლოგიების, ეკონომიკის განვითარებისა და შრომის დისციპლინის ხარჯზე მაღალ შედეგებს აღწევენ. როცა ქვეყანას აქვს უამრავი დასახელების სასარგებლო წიაღისეული, მისი მეცნიერული კვლევების ჩასატარებლად უცხოელები კი არ ჩამოვიყვანოთ, არამედ ჩვენი, ჯერ კიდევ შემორჩენილი, მაღალკვალიფიციური  გამოცდილი კადრები გამოვიყენოთ, მათივე დახმარებითა და უცხოური თანამედროვე მიღწევების გამოყენებით ამ დარგში აღვზარდოთ ახალგაზრდა სპეციალისტთა თაობა, რათა ქართველმა ხალხმა გაიგოს რის პატრონები ვართ. ამასთან ერთად, ჩვენი სიმდიდრე ხელში არ ჩავუგდოთ უცხოელებსა და შინაურ თაღლითებს.

ჩვენს ქვეყანას გააჩნია საკმაო წიაღისეული სიმდიდრეები, რომელიც რაციო­ნა­ლუ­რად გამოყენებისა და თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიებით  უნდა ვაქ­ცი­ოთ ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედად, ჩავაყენოთ მოსახლეობის კეთილდღეობის სამსა­ხურ­ში. დროა გადავიდეთ ულევი, აღდგენადი რესურსების (მინერალური, სამკურ­ნალო და თერმული წყლები, წარმატებული აგრარული მეურნეობისთვის არსებული უნიკალური ბუნებრივი პირობები, ტყეები, მდინარეები, ტბები, კანიონები, წყალსაცავები, მყინვარები, მთები, ზღვა) მიზანმიმართულ, გონივრულ გამოყენებაზე, რომლებსაც შეუძლია დიდი სარგებლობა და შემოსავლები მოუტანოს ქვეყანას, ინვესტორებსა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.

ყოველივე ამ და სხვა ჯერ კიდევ რესურსად ვერაღქმული სიმდიდრის გამოყენებას სჭირდება სახელმწიფოებრივი ნება, საკითხებისადმი გააზრებული მიდგომა, ცოდნა, გამოცდილება, მონდომება,  კრეატიული აზროვნება და არა ბრმა მიმბაძველობა. როგორც ცნობილია, წარმატებული ბიზნესის მიღწევა შეუძლებელია ორგანიზაციის სწორი მენეჯმენტის გარეშე. ჩვენ ისეთი რამე ხომ არ გვჭირს, როგორც ერის მამა ბრძანებდა „ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არ ჰყავს“.

როცა ქვეყანას გააჩნია რესურსები, რომლებიც ჯერ კიდევ გამოვლენილი და სათანადოდ შესწავლილი არ არის, მაშინ ქვეყნის ხელისუფლებამ კეთილიინებოსდა გამონახოს ყოველი საშუალება იმისათვის, რომ უზრუნველყოს იმ პროგრამებისა და ინიციატივების დაფინანსება, რომლებიც მიმართულია აღნიშნული პრობლემების აღმოფხრისათვის და ამით ხელი შეუწყოს ქვეყნის წინსვლას, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამ­აღ­­ლებას, სამუშაო ადგილების შექმნას.